საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან - ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
- აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი
- ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება
„6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს.
ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება.
ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„ყველაფერი გემის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება „შუა დერეფნით“, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები.
დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მრავალ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალიევმა.