ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
"რუსეთის სასმართლოს განაჩენი მიუღებელია, რადგან ის პოლიტიკურად არის მოტივირებული და ეწინააღმდეგება რუსეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
ბორელის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ ბ-ნი. ნავალნის ნასამართლეობა თვითნებური და აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წელი და რვა თვე მიუსაჯა კრემლის კრიტიკოსს ალექსეი ნავალნს, რომელსაც ძველი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. ნავალნის ახალი ბრალდება, პირობითი პატიმრობის წესების დარღვევა გახდა.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ნავალნის ბრალად ედება გამოუცხადებლობა იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში მკურნალობდა, რადგან რუსეთში საბრძოლო ქიმიური იარაღით მოწამლეს.
„ევროკავშირი კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ის მოქალაქეები და ჟურნალისტები, რომლებიც დააკავეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისას. ეს მოვლენები ადასტურებს უწყვეტ უარყოფით ტენდენციას, რომ რუსეთის ფედერაციაში მცირდება სივრცე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის,“ - ნათქვამია საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
ბორელის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს დაუბრუნდება საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე და იმსჯელებს შესაძლო შედეგებსა და ნაბიჯებზე.