საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„ამ მოქალაქეს არ ვიცნობ და არც მქონდა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან არ ისაუბრა. ჩვენ არ ვახორციელებთ მონიტორინგს, ვინ ჩამოდის ამერიკიდან, უამრავი ადამიანი ჩამოდის. ზოგი როგორც ტურისტი, ზოგიც სხვადასხვა მიზნით. თუ საელჩოს კონკრეტულმა პირმა არ მომართა დახმარებისთვის, მაშინ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის. შეიძლება, ჩამოდიოდა როგორც ტურისტი“, - აღნიშნა ელჩმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
ცნობისთვის, 6 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან.
„შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება, არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
აშშ-ის ელჩი კონსპირაციის თეორიებს უწოდებს ზოგიერთი წყაროს საშუალებით გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, საქართველოში ამერიკის მოქალაქის არშემოშვებასა და ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს შორის.
„არანაირი კავშირი არ არსებობს, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რასაც ხშირად მმართველი პარტია იმეორებს, აბნევს საზოგადოებას. ამერიკას საქართველოს დახმარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.
რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში.
არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ხანდახან ვრცელდება კონსპირაციული თეორები - მცდარი ცნობები, თუ რას აკეთებს ამერიკა. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენ ამ ურთიერთობის ერთგულნი ვართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაც არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა 7 აპრილს.