პარტნიორები ასე არ იქცევიან. საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ, მათ შორის, იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. მათ შორის იმითაც, რომ როცა უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოჯისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები.
როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის - მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო, ვერავინ ვერ გაიგო - მე ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.