„საკითხს დაწვრილებით უნდა გადავხედოთ“: ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესს ამ ეტაპზე აჩერებს

გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესი რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე დროებით შეჩერებულია, ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია პირველ თებერვალს გავრცელდა, როდესაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას პენტაგონი გადახედავს.

როგორც ცნობილია, ეს პროცესი ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიგეგმა. სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ამ თემას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ გერმანიიდან ჯარს ამ ეტაპზე არ გაიყვანს.

ჯო ბაიდენის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა დაწვრილებით უნდა მოვიკვლიოთ ეს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს.

„ტრამპმა გადაწყვეტილება, გერმანიის კრიტიკის შემდეგ მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, გერმანია ფინანსურად სარგებლობდა ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის განლაგებით და ხშირად იმეორებდა, რომ გერმანია საკუთარი შეიარაღებისთვის საკმარის რესურსს არ ხარჯავდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შტატებშიც, სადაც კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ამერიკის ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებით, კონტინენტზე რუსული აგრესიის შეკავება უფრო გართულდება.

კრიტიკა ისმოდა გერმანიის მხრიდანაც, ქალაქ ვილსეკის მერმა ჰანს-მარტინ შერტლიმ ჯარისკაცების დისლოკაცია „მწარე დანაკარგად" მოიხსენია“, - წერდა მედია.

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან. ამ საკითხზე ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ამერიკის სამხედრო ძალების კონტინგენტი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, შემდეგ არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.