აშშ-ის საელჩოს გზავნილი მოსამართლეების მიმართ არ იმუშავებს - მურუსიძე

აშშ-ის საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ გზავნილი, რომ თუ არ იქნებით ჩვენი მომხრეები და არ გააკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის მისაღებია, ის დაგემართებათ, რაც მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, ეს არ იმუშავებს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.

„არ ვიცი, ეს თუ მოხერხდება. შესაბამისად, პრემიერთან გულწრფელი საუბრის შემდეგ დავიგეგმებით, რა შეიძლება, გაკეთდეს უკვე გლობალურად. მოსამართლეები ითხოვენ, შევიკრიბოთ და ვთქვათ სიმართლე, თუმცა ჯერ პრემიერს ვთხოვეთ შეხვედრა, ვნახოთ. იქამდე, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება, კონფერენციის შეკრებაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი განცხადების საფუძველს ის მაძლევს, რომ ძალიან ბევრმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ გვერდით არიან და მათაც მიაჩნიათ, რომ ეს არის სასამართლოს, მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლა და აქ არ არის საუბარი კორუფციაზე.

აქედან გამომდინარე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ განზრახვა, რაც იყო, რომ დანგრეულიყო და დაპირისპირება მომხდარიყო სასამართლო სისტემაში, ეს არ მოხდება. შეიძლება, რაღაც გამოვლინებები იყოს, ვთქვათ, იყოს გარედან თავდასხმებიც, მაგრამ, ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, ვინაიდან ვგრძნობ, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთსულოვნება და სწორი პოზიცია. მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილეობდეს არავის დიქტატს, თუნდაც ეს საუკეთესო მეგობარი იყოს“, – განუცხადა ლევან მურუსიძემ  საქართველოს "პირველ არხს".


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.