თუ არ იქნება მტკიცებულება სანქციის დაწესების საფუძვლად, გადაწყვეტილება შეიძლება, შეფასდეს როგორც კატეგორიულად მიუღებელი - მდინარაძე

თუ არ იქნება მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„დამატებითი კი არა, ძირითადად არ გვინახავს, არცერთი არგუმენტი, ან მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ, მათვე განმარტეს, რომ იყო სავიზო შეზღუდვა.

არ ვიცი, ეს გარკვეული სვლა თუ იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან, არ მინდა, დამატებითი შეფასება. ამას არა აქვს მნიშვნელობა, სანქციის ფორმა აქვს ერთ და მეორე შემთხვევაშიც. არცერთი მტკიცებულება თუ არ იქნება და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ ეს გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი. ამასთანვეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო.

მარტივად ხომ არ არის საკითხი, რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე. კონკრეტული ადამიანები დაადანაშაულეს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში, საუბარი იყო ღამის ზარებზეც, თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ და მეორე მხრივ ვნახავთ, რომ ამ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არცერთი მტკიცებულება, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისათვის, რომელსაც კარგად გათვითცნობიერებული აქვს, რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ამ ქვეყნის, ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს ჩვენ მტკიცებულების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებასთან", - განაცხადა მდინარაძემ.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.