შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
ამის შესახებ ამერიკული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით აცხადებს.
აშშ-ის დელეგაციას, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩეველი, ლუი ბოლო ხელმძღვანელობდა.
შეერთებული შტატების დელეგაცია, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის, ლუი ბონოს ხელმძღვანელობით, მიესალმა მონაწილეებთან დიალოგს, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება - ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებების შექმნა.
აშშ აღნიშნავს, რომ შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ამერიკული მხარე გმობს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ან შეერთებული შტატები კონფლიქტის რაიმე სამხედრო გადაწყვეტის გზას ეძებენ.
„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ერთგულებას კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოუყენებლობის შესახებ და გმობს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ან შეერთებული შტატები კონფლიქტის რაიმე სამხედრო გადაწყვეტის გზას ეძებენ“, - აღნიშნავს ამერიკული მხარე.
შეგახსენებთ, 4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა. ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შეხვედრაზე "აფხაზური პასპორტებით" გადაადგილების შესაძლებლობა დააყენეს.
ჟენევის მოპლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებულ განცხადებაში თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ“.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
„მიმდინარე რაუნდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე მსჯელობისას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი რის გამოც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხზე დისკუსია.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს დისკუსიებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს საგარეო უწყება.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 2022 წლის 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.
ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.