ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
„ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თქვენ, დამსწრე საზოგაოდებას. გიყურებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგის მთრევი ქალბატონები, ამისთვის უდიდესი მადლობა თქვენ.
- ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ვეროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ნანა მახარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.