აშშ და ფილიპინები ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებს იწყებენ - BBC

აშშ და ფილიპინები ატარებენ ყველაზე დიდ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ერთი დღის შემდეგ, რაც ჩინეთმა დაასრულა ფართომასშტაბიანი წვრთნები ტაივანის გარშემო. ორკვირიანი სწავლების დროს, მანევრები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჯარისკაცები სამიზნე ხომალდის აფეთქებაზე იმუშავებენ.

BBC-ს ცნობით, ამერიკული წვრთნები ადრე იყო დაგეგმილი. ფილიპინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წვრთნები აჩვენებს მათ ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

გასულ თვეში ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ მათი ყოველწლიური წვრთნები ფილიპინებთან ერთად, იქნება ყველაზე დიდი ერთობლივი სწავლება და მასში ჩაერთვება 17000-ზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის 12000 - აშშ-დან.

თებერვალში აშშ-სა და ფილიპინებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც ფილიპინურ კუნძულებზე, ჩინეთთან სადავო წყლებთან ახლოს ოთხი ახალი სამხედრო ბაზა შეიქმნება. მათგან სამი ტაივანის სიახლოვეს განთავსდება. ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ვაშინგტონისა და მანილისს სამხედრო თანამშრომლობა ტერიტორიულ დავაში არ უნდა ჩაერიოს.