პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობები აშენდება

ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას განიხილავს.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევქმნით ლოგისტიკურ ბაზას, შეიარაღების ბაზას. რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა განთავსდება ფოვიძეში (მდებარეობს პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში - რედ.) და პოლონეთის სხვა ლოკაციებზე“, აღნიშნა მორავეცკიმ.

მისივე თქმით, საწყობებში შენახული აღჭურვილობა მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის სწრაფ გააქტიურებას შეუწყობს ხელს.