კომენდანტის საათი ისევ იმოქმედებს

"21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება.

" 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე გადაადგილება იზღუდება შაბათ-კვირასაც. შაბათ-კვირასას შეზრუდვები არ მოიხსნება.

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდვების, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. უკვე ერთი წელია, ვცხოვრობთ ამ ვირუსთან ერთად, და ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილობის კონტროლი და ისეთი ტიპის აქტივობის არდაშვება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვირუსის გავრცელებას.

ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც, როგორც წესი, პირბადის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ტიპის შეზღუდვები, და ბევრად უფრო მკაცრიც, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ მოვუწოდებ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც, ვინაიდან ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება იქნება აუცილებელი", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.