ვაშინგტონი პოლონეთში მუდმივ სამხედრო ყოფნას გააძლიერებს. კერძოდ, აშშ აპირებს, დამატებით რამდენიმე ათასი ჯარის განთავსებას, ასევე სამხედრო ბაზისა და იარაღის საწყობების შექმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება შესაძლებელია, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკაა.
„ამას მოწმობს რუსული აგრესია, რომელსაც ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები აწყდებიან. და პოლონეთში უფრო და უფრო მეტი რაოდენობით იქნება ეს ტექნიკა", - განაცხადა მორავეცკიმ.
პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთავაზობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა შესაძლო დონეზე.
მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში ვარშავასა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. საუბარია არამხოლოდ სამხედრო, არამედ, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამერიკელი ინვესტორების პოლონეთში ყოფნაზე.
ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა.