შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები და ფორმატი, ასევე, გასული წლის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით წარდგენილი რეკომენდაციები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

„ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა ამ რანგში იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი განგვეხილა და იმედიანად და პოზიტიურად ვუყურებ პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობას. ყველა ვჯერდებით ერთ რამეზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს შედეგიანი თანამშრომლობა.

ჩვენ, სახალხო დამცველს განვიხილავთ როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს, იმისთვის რომ პარლამენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში და პარლამენტმა შეძლოს მათ შორის, ამ საკითხებზე რეაგირება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა, ვინაიდან პარლამენტი მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ის ხედვა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს და ის რეკომენდაციები, სწორედ პარლამენტის თანხმობით შესრულდეს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება თანამშრომლობის ძალიან კარგი შედეგი, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ყოველთვის უფრო მეტად და მეტად გაუმჯობესდეს და შედეგებზე იყოს ორიენტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.