რესტორატორთა ასოციაცია ხვალ განიხილავს, შეცვლიან თუ არა დაუმორჩილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ხელისუფლების მხრიდან მისასალემებელი ნაბიჯია. ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა.

რაც შეეხება პანდემიის რეგულაციების საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით პერსონალურად ვერ უპასუხებს და ასოციაციის წევრები ხვალ შეკრიბებიან.

დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა.

"კვების ობიექტების გახსნა ეს არის ამოსავალი წერტილი, მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მთვარობის ეს გადაწყვეტილება მისასალმეებელია. რეალურად ეს ნაბიჯი არის ყინულის დაძვრა. ეს არის მესიჯი და ამ მესიჯს რა თქმა უნდა მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, რათა ბიზნესმა რეალურად ამოისუნთქოს. რაც შეეხება სხვა სახის მხარადჭერას, გახსნის გარდა თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სექტორს, დახმარებები სახელმწიფოსგან უკვე გვქონდა, საშემოსავლოსთან დაკავშირებით, შეღავათები სუბსიდირებასთან დაკავშირებით. დღეს დღეობით, ამ ეტაპზე გახსნა იყო პრიორიტეტული და ეს მივიღეთ. შემდეგ ნაბიჯები შიდა სივრცეებში გახსნის აუცილებლობაა. რაც შეეხება შაბათის აქციას, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გავიაროთ საორგანზიაციო ჯგუფმა და ხვალისთვის გვეცოდინება სრული გადაწყვეტილება. ყველას მაგივრად, პერსონალურად მე ვერ გიპასუხებთ, გაუქმდება თუ არა ეს აქცია, სანამ ყველა ერთად არ განვიხილავთ", - განუცხადა Europetime-ს შოთა ბურჯანაძემ.

ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას.

ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება); 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.