უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების კონგრესის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, მათ შორის ჯოზეფ მანჩინს, ლიზა მურკოვსკის და მარკ კელის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე გააკეთა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დელეგაციის წევრებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და მისი განვითარების პერსპექტივები გაუზიარა.
მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატების დახმარების შემდგომი მიმართულებები და ამ კუთხით კონგრესის როლი.
„ჩვენ ვიბრძვით საერთო ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენი გამარჯვება გადამწყვეტი იქნება ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარების განვითარებისთვის. ასეთი ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გაგრძელება - თავდაცვითი და ფინანსური - არის აგრესორზე ჩვენი გამარჯვების გარანტია“, - წერს ზელენსკი.