უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მოლაპარაკება გამართა პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან და დასავლური F-16-ის მიწოდების დაწყება ითხოვა. CNN იუწყება, რომ ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს შმიგალმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს და პირადად მას სამხედრო დახმარებისთვის.
მხარეებმა უკრაინის შემდგომი საჭიროებები განიხილეს და შმიგალმა ოსტინს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება სთხოვა.
„უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღის მოკლე დროში ათვისება და ბრძოლის ველზე მისი ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ. უფრო სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას ასევე მეტი იარაღი სჭირდება: საჰაერო თავდაცვა, მძიმე არტილერია და აღჭურვილობა, ნაღმმტყორცნები და საბრძოლო მასალა”, - განაცხადა დენის შმიგალმა.
ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონკრეტულ თხოვნებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააფართოვებს უკრაინისთვის იარაღის წარმოებას.