საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სახით 115 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის აღდგენის სამუშაო უკვე იწყება და უკრაინის სწრაფი აღდგენის პროექტებს 2023 წელს 14 მილიარდი დოლარი სჭირდება.
ვაშინგტონში შმიგალი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენისთვის რესურსების მობილიზებაა.
„საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას 115 მილიარდი აშშ დოლარის გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევენ. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს, რომ უკრაინის მოკავშირეები დაგვეხმარებიან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება სრულ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 200 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს. თანხების გამოყენება იგეგმება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.