პროკურატურა თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, ერთ-ერთ ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
უწყების განცხადებით, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით,რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად.
ერთ-ერთ ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ ქოლ-ცენტრების გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა.
საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები, საქართველოს პროკურატურისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამის წარმომადგენლების ჩართულობით იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით.
- დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.
ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა ფართომაშტაბიანი ღონისძიებები.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
ჩატარებული ფართომაშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.
საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.
საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.