მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს. მთავრობის ადმინისტრაცია ასახელებს თარიღებს, როდესაც მათ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნის.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს.
შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა.
„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.