დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

რელიგიური სწავლების თანახმად, დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.