პარლამენტმა `დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა

საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.

მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის.

13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მაანამდე დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა.

14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას.

ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან.

დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.