ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად - ამ სიტყვებით ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა შეზღუდოს.
„ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით.
ასე რომ, ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ, თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, შენს მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.