8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს

8 თებერვლიდან თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მგზავრებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება . შაბათ-კვირას კი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

მისი თქმით, თანამშრომლებს, რომლებიც 21:00 საათზე დაასრულებენ სამუშაო საათს, მათ შინ დაბრუნებას და ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.

„საკოორდინაციო საბჭოს გდაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ფუქნციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 21:00 საათამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა.

პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან თუ ვინმე ტრანპოსრტში მოიხსნის პირბადეს. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი. ფეხზე დგომასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გვაქვს გაცემული. ჩემი აზრით, პირველ რიგში, დავაკვირდებით როგორი იქნება დატვირთვა და იქედან გამომდინარე ალბათ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

21:00 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი და 21:00 საათის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას“, – განაცხადა ხმალაძემ.