"ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს, ომი დასრულებულად გამოაცხადოს

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ ომი დასრულებულად გამოაცხადოს.

ინფორმაციას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს. 

დასავლური მედია მას ხშირად პუტინის მზარეულად მოიხსენიებს.  პრიგოჟინი წერს, რომ რუსეთს მხოლოდ „იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე აქვს”, გაძლიერება დარჩენია. ამასთან, "ერთი პრობლემაა, რომელიც ომმა გამოიწვია": პრიგოჟინის აზრით, "თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ის სრულიად ეროვნულად ორიენტირებული სახელმწიფოა”.

"[რუსეთის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია, ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.

თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.
რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, - წერს პრიგოჟინი.