ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნის მიზნით, ბრიტანეთმა, ამერიკამ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსი შექმნეს

ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანიც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.

განცხადება 16 აპრილს, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების მოლაპარაკებებისას, იაპონიის ქალაქ საპოროში გაკეთდა.

ხსენებული ხუთი ქვეყანა თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორის შესაბამის რესურსებსა და შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა შეარყიოს რუსეთის გავლენა მიწოდების ჯაჭვებზე. ალიანსმა ბირთვული საწვავისთვის მიწოდების საერთო ქსელები უნდა განავითაროს.