ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის განცხადება და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი

„თუ დღეს მას /მაკო გომურს/ მკურნალობა სჭირდება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მაკო გომურის განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ მას თვალის პროთეზი გაუტყდა და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში სრული მზაობა და მობილიზაციაა იმისთვის, რათა მაკო გომურმა მისთვის საჭირო ყველა სერვისი და დახმარება მიიღოს.

„ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის აქამდე მნიშვნელოვანი იყო მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის სერვისი, რომელიც მან მიიღო უცხოეთში და საქართველოში, სრულად დაფინანსდა სამინისტროს სახსრებით. თუ დღეს მას მკურნალობა სჭირდება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ. საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებლად მასთან კომუნიკაციაში, ისევე როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ასევე ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის მოგვარების საკითხში.

აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირ შეფერხებას ჩვენ არ მოველით და ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კუთხით, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალაშია და ბოლომდე მივიყვანთ. მე ვიცი, რომ არის სრული მზაობა და მობილიზაცია როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე, საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ბოლომდე და ნებისმიერი სერვისი, დახმარება, რაც სჭირდება მაკოს, მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში 3 თებერვალს დაწერა, რომ 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია უცხოეთში მისი მკურნალობის გაგრძელების საკითხიც.