უკრაინის გენერალური პროკურორი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვია

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. შესაბამისი განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

ვიზიტის დაწყებისას, კოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უახლოეს მომავალში გლობალური საზოგადოების პრიორიტეტული ამოცანაა, რომელიც რჩება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი დიალოგის ყურადღების ცენტრში.

კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომლის იურისდიქცია გავრცელდება რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.

„რუსეთის აგრესია გლობალური ომია და აგრესიის დანაშაულზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, - აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პუტინის დაპატიმრების ორდერის ამოქმედება და ასევე მნიშვნელოვანია, ანაზღაურდეს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი რუსეთის კერძო და სუვერენული აქტივების ხარჯზე. ვიზიტის ფარგლებში კოსტინი გეგმავს არაერთი შეხვედრის გამართვას და ჩამოთვლილ საკითხებს განიხილავს ამერიკელ პარტნიორებთან.