კახა კალაძე: თუ ვინმე პირბადის გარეშე მგზავრობას შეეცდება ავტობუსი არ დაიძვრება და მონიტორინგი პოლიციას გამოიძახებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეგულაციის გათვალისიწნებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აღსადგენად, მერიის ყველა შესაბამისი უწყება მზადყოფნაშია.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება, ძალინ მკაცრად გაკონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის თანამშრომლები პოლიციასაც გამოიძახებენ.

„რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვისარგებლოთ პირბადეებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში. კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს, თუ ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ დაიძვრება და არ გადაადგილდება, გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება.

თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს კომენდანტიის საათის ამოქმედებამდე, 21:00 საათამდე მოემსახურება. შაბათ-კვირას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სავალდებულოა პირბადის გამოყენება.