ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 20 აპრილს გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს არის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია საუბარი.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პუნქტში ნახსენები არიან არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია.
„საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს - ქართველ მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც გაიტაცეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას, უკანონოდ ჩამოართვეს თავისუფლება, აწამეს და მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება; რომ რუსეთმა არ ჩაატარა კონვენციის შესაბამისი გამოძიება მისი უკანონო დაკავებისა და მკვლელობის გამო, და დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას უკანონო დაკავებისა და მკვლელობის შესახებ, ორი ეთნიკური ქართველის, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვა ვითარებაში დააკავა და მოკლა“, - წერია პრესრელიზში.