პუტინი სამხედრო დაჯგუფების, „დნეპრის“ შტაბში იმყოფებოდა. კრემლის განცხადებით, მან რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ტეპლინსკის, დაჯგუფება „დნეპრის“ სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ მაკარევიჩისა და სხვა მეთაურებისგან ანგარიშები მოისმინა.
ინფორმაციაში არ არის მითითებული როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში.
მისივე თანახმად, ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა ლუგანსკის ოლქშიც, სადაც „ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის შტაბში მოისმინა ამ მიმართულების ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინის და სხვა მეთაურების ანგარიშები“. მისივე თანახმად, „სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად გადასცა ხატების ასლები“.
ერთი თვის წინ, 19 მარტს, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა. უკრაინის დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსეთმა 2022 წლის მაისში დაიკავა.