პოლონეთმა დაიწყო დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარება და სათვალთვალო სისტემების დაყენება რუსეთის პროვინცია კალინინგრადის საზღვართან, იტყობინება RMF 24.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აღმოსავლეთი საზღვარი მზად იქნება ყველა სახის უკანონო ქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისულ სიტუაციებთან ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის საუკეთესოდ დაცული საზღვარი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.
პოლონეთის მესაზღვრეების თქმით, დაახლოებით 200-კილომეტრიან მონაკვეთზე 3000 სათვალთვალო კამერა უნდა დამონტაჟდეს.
დამატებითი უსაფრთხოების სათვალთვალო სისტემების მშენებლობა 2023 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
უკრაინაში მიმდინარე ომმა უსაფრთხოების ირგვლივ პოლონეთის შეშფოთება გაამძაფრა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ 16 მარტს დაადასტურა, რომ ვარშავამ გაანადგურა რუსული ჯაშუშური ქსელი, დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკონტროლებდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს. 27 მარტს პოლონეთში რუსული დაზვერვისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უცხოელი დააკავეს.