Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმეზე მომუშავე იურიდიული გუნდი ამბობს, რომ სასამართლოს დაახლოებით 613,000 აშშ დოლარის ოდენობით გირაო შესთავაზა რეპორტიორის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
WSJ-ის მფლობელმა Dow Jones-მა წარმოადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ ევანი პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან, უზრუნველყონ გირაო 50 მილიონი რუბლის ოდენობით.
მას შემდეგ, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში დაეტოვებინა, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და მოუწოდა რუსეთს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეპორტიორი“.
ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.