ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე მტკიცებით, გერშკოვიჩმა, შეერთებული შტატების დავალებით შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. თუმცა განცხადებაში საწარმოს სახელწოდება მითითებული არ არის.
„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) აღძრა“, - აცხადებს უწყება.
რუსეთმა ცენზურის კანონები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც გასული წლის 24 თებერვალს ათიათასობით ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინაში, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჟურნალისტი სამხედრო დაჯგუფენა „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას.
Wall Street Journal-მა მომხდარის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
სხვა უცხოელმა ჟურნალისტებმა, გერშკოვიჩს მხარდაჭერა ინტერნეტ სივრცეში გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი და არა ჯაშუში.
აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩს ბრალად ედება დანაშაული, რომელიც 20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.