უკრაინამ ბელორუსის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გაიწვია ბელორუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი.

მანამდე, 18 აპრილს, ბელორუსის ლიდერმა ლუკაშენკამ მინსკში უმასპინძლა რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ დენის პუშილინს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა დაგმო და დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.

კიევში განაცხადეს, რომ არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ, უკრაინის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ პუშილინთან შეხვედრა იყო ბელორუსის მხრიდან მორიგი არამეგობრული აქტი, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის მხარდაჭერისკენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მინსკს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსი ოფიციალურად არ შეუერთდა რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, მან უფლება მისცა რუსეთს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.