ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დროებით აკრძალა

ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის 20 სხვა საკვები პროდუქტის იმპორტი დროებით აკრძალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გილიბ დონევმა გააკეთა. იმპორტის აკრძალვა 24 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

აკრძალვა არ შეეხება ტრანზიტულ პროდუქციას.

„ჩვენ იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპული უწყებები ჯერ ისევ განიხილავენ ადეკვატურ ზომებს. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაბანკროტება, მას ვერაფრით დაეხმარება“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა.


პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით.

პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს.

პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.

უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.

კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.