„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ყველა პარტიას, რომ გამოიყენონ პარლამენტის ინსტიტუტი, რომ ამომრჩევლების საჭიროებებზე იმუშაონ და არ მოვუწოდებდით პარლამენტში მუშაობის ბოიკოტირებისკენ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნაზე.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს ის ბრალდებები, რომლებიც მოსამართლებთან დაკავშირებით ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.
მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - აქ არ არის არანაირი შეცდომა, სრულიად დარწმუნებით ვამბობთ, რომ არსებობს სავიზო სანქციების საფუძვლები გამომდინარე იქედან, რომ ეს 4 ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში.
ამ პროცესს წინ უძღოდა ხანგრძლივი შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი - შემდეგ უკვე ინფორმაცია მივიდა სახელმწიფო მდივნამდე და მან დაამტკიცა სავიზო სანქციები. შესაბამისად, ამის საფუძველი სრულიად სწორია. რაც შეეხება გამოძიებას, ეს საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.
ზოგადად, ამ 4 ადამიანის მიმართ სოლიდარობა არ ნიშნავს მოსამართლეების იმ უმრავლესობის მიმართ სოლიდარობას, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერები. 4 ადამიანის დაცვა, როლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩი იმედოვნებს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლება ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას სასამართლო სისტემაში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
- მასალაში გამოყენებულია საელჩოს თარგმანი
შეგახსენებთ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, დღესაც კენჭისყრების გარეშე დასრულდა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაციის გავლაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.