2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სერიოზული შეშფოთება არსებობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის კონსოლიდირებულ ანგარიშში, რომელიც მინისტრთა კომიტეტს წარედგინა. საუბარია საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.
ანგარიშში (რომელიც მოიცავს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის პერიოდს) საქართველოში კონფლიქტის შესახებ ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის მხრივ კვლავ მცირე პროგრესია.
გადაადგილების თავისუფლებისა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა შეზღუდვა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებზე მათი გავლენის თვალსაზრისით.
იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისა და შერიგების ხელშეწყობის, ჯანდაცვის, განათლების უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ.
ანგარიშის მიხედვით, შემდგომ ინიციატივებზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტის თაობაზე, პერიოდული მოხსენებების მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენა, პრიორიტეტად დარჩება.
ინფორმაციისთვის, მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირითად ფასეულობათა სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას.
შეგახსენებთ, 20 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ IV“, რომლის თაობაზე 2018 წლის აგვისტოში შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობამ. ის ეხება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. გენერალური მდივნის 19 აპრილის ანგარიშში ეს საქმეც არის განხილული. ასევე საუბარია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ეხება 2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და მათ გამოძევებას. საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ანგარიშებს 2010 წლიდან აქვეყნებს.