აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 19 აპრილს გამოაცხადა უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 325 მილიონი დოლარია.

პაკეტში შედის მეტი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკის სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ცხრა მილიონზე მეტი მცირე იარაღის საბრძოლო მასალა.

პენტაგონის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი უკრაინას ასევე მიაწვდის პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობას, ლოგისტიკური დახმარების მანქანებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს.


შეგახსენებთ, აშშ-ისა და ნიდერლანდების მიერ დაპირებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა, განაცხადა 19 აპრილს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ პავლიუკმა.

პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ამ სისტემაზე მოსამზადებლად.

აშშ-ის უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების წინა პაკეტი 4 აპრილს დამტკიცდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა 35,4 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით.