ზელენსკი სტოლტენბერგს: დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში, NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევის ალიანსში მიწვევის დროა.

„ახლა, როდესაც NATO-ს ქვეყნების ხალხის უმრავლესობა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ალიანსში შესვლას, დროა, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზელენსკიმ.


მისივე განცხადებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება, ისტორიული გახდეს.

„მადლობელი ვარ სამიტზე დასასწრებად მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მიწვევა. არ არსებობს არცერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე უკვე შეუძლებელია.

„ჩვენ ველოდებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ძალიან კონკრეტულს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ მოკავშირე ქვეყნები მხარს გვიჭერენ იარაღით, მაგრამ გვინდა, გავიგოთ: როდის გაწევრიანდება უკრაინა NATO-ში? და ჩვენ ასევე გვინდა, უსაფრთხოების გარანტიები ამ გზაზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა NATO-ში გაწევრიანების ალტერნატივას არ ამზადებს.

„ამას არ ვეუბნები ჩვენს საზოგადოებას, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ეს ნათლად იცის. ამას ვეუბნები ზოგიერთ ლიდერს, ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც მუდმივად ეძებენ უკრაინის  მომავალი გაწევრიანების კომპრომისს. ჩვენ ვიქნებით ალიანსში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც უკრაინას სურს, NATO-ში გაწევრიანებამდე მიიღოს.