ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გააყინა თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუსებთან.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანად გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური აქტივები გავყინეთ", - განაცხადა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა.
ბრუნერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2022 წლის მაისის მდგომარეობით, ავსტრიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსების კუთვნილი 254 მილიონი ევროს აქტივებს მიაკვლია.