რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი“.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აცხადებს სუს-ი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიმიტრი მამაგულაშვილის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა. მის უკანონო დაკავების თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 აპრილს გაავრცელა.

ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე.