რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე.