საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან.
„სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.