6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება

6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

„გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის გაჩნდა. ჩვენ დაანონსებული გვქონდა თვითნებურად გახსნა შაბათს, ეს იყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება, შაბათ-კვირას სარესტორნო სფერო ადგილზე მიტანის სერვისით გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადმოდგა და ჩვენი მხრიდან, ამას ვაფასებთ.

15-დან გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს შვებაა ბიზნესისთვის, რადგან რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის ამ ამინდში ეს ბენეფიტი არ არის. თუმცა ვაფასებთ გადაწყვეტილებას ტრანსპორტის, და სკოლების ნაწილში და ამის გათვალისწინებით ვთლით, რომ ეს ჩვენთვისაც გაკეთებული საქმეა, თუნდაც თანამშრომლების ტრანსპორტირების ნაწილში. თუ 15 თებერვლის შემდეგ, ისევ ამ მდგომარეობაში ვიქნებით და ასეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნა, ეს დაუმორჩილებლობა რამდენიმე კვირით გადაიწევს.

მანამდე არ მივდივართ, არც თხოვნით და არც მოლაპარაკებით. თუ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ მისცა შესაძლებლობა და არ გახსნეს, ეს შაბათი უბრალოდ გადაიწევს. დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ულტიმატუმის ენის საუბარი ჩემი სტილი არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა და არა დაძაბულობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

დაანონსებული „აქციის“ შემდეგ, გუშინ პრემიერმა ბიზნესი გააფრთხილა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას.

15 თებერვლიდან, კვების ობიექტები შაბათ-კვირის გარდა, ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.