რუსი ჩოგბურთელი პოლონური ავიაკომპანიის რეისზე არ დაუშვეს - მედია

რუსი ჩოგბურთელი ვიტალია დიაჩენკო პოლონური ავიაკომპანია LOT-ის რეისზე არ დაუშვეს.

დიაჩენკოს თქმით, უარის მიზეზი მისი რუსული პასპორტია. შედეგად, ჩოგბურთელმა თითქმის ერთი დღე გაატარა კაიროს აეროპორტში და დააგვიანა საფრანგეთის ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო.

LOT Airlines-ს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რიგმა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა მათ ტურნირებში მონაწილეობა რუსეთის გუნდებს აუკრძალა.  რუსი ჩოგბურთელებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ, ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. 32 წლის დიაჩენკო ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მსოფლიო რეიტინგში 250-ე ადგილზეა. მან საჯაროდ არ ისაუბრა უკრაინის ომისადმი მის დამოკიდებულებაზე. ცნობილია, რომ დიაჩენკოს მამა უკრაინაშია დაბადებული და აფრიკაში, გაეროს სტრუქტურაში მუშაობს.