საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% ან „სრულად“ (75%) უჭერს მხარს“ ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ბლოკში გაწევრიანებას.
მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია.
„აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა.
მისი თქმით, „ახლა მთავრობის ლიდერებს ევალებათ, ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილონ.
ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში.
„ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა ნიქსმა.
გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. ქართველების 42 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის პერიოდს მოიცავს.
გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.