პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
„პოლიციამ ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი - ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას პირდებოდნენ. ართმევდნენ ფულს მოქალაქეებს და შემდგომ წყვეტდნენ მათთან კავშირს. ზჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.