IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტი კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
- პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI
- IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს
კითხვაზე, საერთო ჯამში, რას იტყოდით, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, სწორი თუ არასწორი მიმართულებით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სწორი მიმართულებით – 30%, არასწორი მიმართულებით – 62%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.
ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობას, ოპტიმისტური განწყობა აქვს 55 პროცენტს, ნეიტრალური 31 პროცენტს, 12 პროცენტს კი პესიმისტური.
ასევე, გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნისთვის დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა.
კითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა თქვენი ქვეყნისთვის, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ, მმართველობის საუკეთესო ფორმაა ჩემი ქვეყნისთვის – 77%, არა, მმართველობის სხვა ფორმები თანაბრად კარგი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის – 8%, არა, მმართველობის სხვა ფორმები უკეთესია, ვიდრე დემოკრატია – 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე- 9%.
გამოკითხულთა 23 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსები ხელს უწყობენ კონსენსუსს, 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელს უწყობენ მეტ პოლარიზაციას, ხოლო 10 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.