კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მსგავსად, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვიც (80%). „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხულთა 65% სრულად უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - „ნაწილობრივ".
მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას.
„რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება".
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ბლოკში გაწევრიანებას.
მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია.
„აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა.
მისი თქმით, „ახლა მთავრობის ლიდერებს ევალებათ, ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილონ.
ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში.
„ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა ნიქსმა.
გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. ქართველების 42 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს.
IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა.
კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო .